საქმიანობა



"საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" (G.L.I.P) არის ადვოკატთა, თავისი ბუნებითა და დანიშნულებით უნიკალური გაერთიანება, არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მატარებელი.
ჩვენს ორგანიზაციაში ნებაყოფლობით ერთიანდებიან ადვოკატები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პრინციპებს და მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია მხოლოდ ადვოკატების ინტერესების ადვოკატირებისა და იურიდიულ პროფესიის განვითარებაზე.
ორგანიზაციის, საქმიანობის მთავარ არეალს საქართველოში იურიდიული პროფესიის განვითარება წარმოადგენს, რაც მიგვაჩნია, რომ გახდება მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საფუძველი ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების დამკვიდრების მიზნით იგეგმება ადვოკატებს შორის ფართო სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვაზე, რითაც ხელს შევუწყობთ "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში პრინციპის დონეზე არსებული სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების პოპულარიზაციასა და დანერგვას ჩვენს პროფესიაში.
ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ადვოკატისათვის მათი საქმიანობის განხორციელებაში თანადგომა, ადვოკატის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვა, ადვოკატის საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა, დამოუკიდებელ ადვოკატთა ძლიერი კორპუსის შექმნა, საზოგადოებაში ადვოკატის დაკარგული პრესტიჟის, დაკარგული ნდობისა და რეპუტაციის აღდგენა და ადვოკატების პროფესიული დონის ამაღლება მიგვაჩნია.
საქმიანობის მთავარ მიმართულებად მივიჩნევთ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასა და სამართლებრივი პროექტების განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას, რითაც ხელს შევუწყობთ სწორი და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.